მთავარი
მთავარი რელიგია
×
მარაბდის ბრძოლის დეტალური განხილვა ნაწილი პირველი.
0დრო: 2-12-2019, 00:29
მარაბდის ბრძოლა XVII საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება იყო, რომელიც ქართველთა მარცხით დასრულდა, თუმცა ყიზილბაშებისთვის ეს პიროსის გამარჯვება გამოდგა, რადგან სწორედ მარაბდის ველზე განცდილი დიდი ზარალის შემდეგ ჩაიშალა შაჰ-აბასის განზრახვა, საბოლოოდ დაეპყრო და ირანის ნაწილად ექცია ქართლ-კახეთი, რომლის დაკავებასაც სეფიანთა ირანი შაჰ თამაზ I-ს დროიდან აქტიურად ცდილობდა, თუმცა თბილისის აღების მიუხედავად მთელი ქვეყნის დამორჩილებას თითქმის ვერასდროს ახერხებდა. მარაბდის ბრძოლა სწორედ შაჰ აბასის აგრესიული კავკასიური პოლიტიკის ნაწილი იყო და გულისხმობდა ამიერკავკასიის დამორჩილებას და ირანისთვის დაქვემდებარებას. მარაბდის ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორივე მხრიდან დიდმა ძალებმა მიიღეს. ეს იყო იმ დროინდელი კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო მოვლენა, რამაც გავლენა მოახდინა როგორც საქართველოზე, ასევე ირანის ექსპანსიურ პოლიტიკაზე კავკასიაში. მიუხედავად მარაბდასთან გენერალურ ბრძოლაში დამარცხებისა, ქართველებმა შეძლეს ომის გაგრძელება და შემოსული ირანული საარმიო ნაწილების განადგურება.

ირანის ჯარი

ირანის ერთ-ერთმა უდიდესმა შაჰმა, აბას I დიდმა თავის ჯარში მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმების გატარება გადაწყვიტა, რაშიც ორი ინგლისელი თავგადასავლების მაძიებელი ძმა დაიხმარა. ძმები ანტონ და რობერტ შირლები სპარსეთში 1598 წელს ჩავიდნენ, რათა ირანი წაექეზებინათ შესულიყო ანტი-ოსმალურ კავშირში. 1587 წელს, როდესაც აბასი ირანის შაჰი გახდა, სახელმწიფოს 60 000-მდე მეომრის მობილიზება შეეძლო, რომელთა დიდ ნაწილს ცხენოსანი ჯარი შეადგენდა. ამავდროულად ყიზილბაშები მის დიდ ნაწილს შეადგენდნენ და ბევრი სამხედრო თანამდებობაც ეკავათ. შაჰმა ყიზილბაშების რაოდენობა თითქმის გაანახევრა და მისი მმართველობისას ირანში სულ 30 000-მდე ყიზილბაში ჯარისკაცი შემორჩა. ძმები შირლებისა და სხვა ევროპელი სამხედრო პირების დახმარებით აბასმა ჩამოაყალიბა არმიის მთავარი ბირთვი, 40000 გაწვრთნილი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯარი, საუკეთესოდ აღჭურვილი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით. ამ 40000 მეომარში შედიოდნენ არტილერისტებიც ანუ "თოფჩები", რომელთა მეთაურს "თოფჩი-ბაში" ეწოდებოდა. ირანს ამ დროისთვის ძლიერი არტილერია გააჩნდა. თოფოსან ჯარს სპარსელები "თოფანგჩილარს" უწოდებდნენ, თოფოსნებს კი "თოფანგჩის". ამ შენაერთის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელა ვალეს(1586-1652) დოკუმენტები. ძმები შირლების რჩევით შაჰმა თოფანგჩილარის რაზმები ძირითადად ირანელი გლეხებისგან ჩამოაყალიბა. იყვნენ ცხენოსანი თოფანგჩებიც. დელა ვალეს ცნობით თოფოსანთა შენაერთი შაჰ აბასის საყვარელი საჯარისო ნაწილი იყო და მის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევდა.

ჯერ კიდევ შაჰ თამაზ I-ს დროს ირანში შეიქმნა 4500-5000 მეომრისგან შემდგარი გვარდია, რომელსაც "ყორჩილარს" უწოდებდნენ(მხოლობით ფორმაში "ყორჩი", მონღოლურად - "მშვილდოსანი"). შაჰ აბასის დროს მათი რაოდენობა გაიზარდა და 12 000 მეომრამდე ავიდა. ამ დროს მათ შეიარაღებას წარმოადგენდა მუშკეტი, ხმალი და ზოგჯერ ცულიც. ყორჩილარის მეომრები განსხვავდებოდნენ დანარჩენი ყიზილბაში ჯარისკაცებისგან, თუმცა ბრძოლის დროს მათაც ხშირად ეხურათ ტრადიციული ყიზილბაშური ქუდები. ყორჩილარის მეთაურს ეწოდებოდა "ყორჩი-ბაში" და ირანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. მარაბდის ბრძოლაში ირანელთა სარდალი ისა-ხანი (წარმოშობით ქართველი, კახეთის მეფის ალექსანდრე II-ს შვილიშვილი) სწორედ ამ ტიტულს ატარებდა. ამავდროულად აქედან ჩანს, რომ შესაძლოა საქართველოში შემოსულ ირანულ ლაშქარში ყორჩილარის ნაწილებიც ყოფილიყო.

შაჰ თამაზ I-ს დროს დაიწყო თურქმან ღულამთა ფორმირებაც და მათი დაწინაურება სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე, რაც მისი მემკვიდრეების დროს, განსაკუთრებით შაჰ აბას I-ს მმართველობისას აქტიურად მიმდინარეობდა. ირანის ისტორიის ცნობილი მკვლევარი კავეჰ ფაროკი წერს, რომ ისევე როგორც ოსმალები, ირანელებიც იყენებდნენ ქართველ და სომეხ მონებს მეომრებად. ზრდიდნენ ღულამების მსგავსად, ასწავლიდნენ მუშკეტის, მშვილდ-ისრის, ხმლის, შუბისა და ცულის გამოყენებას.

XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ტავერნიე აღნიშნავდა: "ღულამები იმით გამოირჩევიან, რომ მათი ამბოხება მეტად იშვიათია, რადგან რამდენადაც ისინი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი მონები არიან, მათ არ აქვთ არც დამაკავშირებელი ძაფი და არც ნათესაური კავშირი; და როდესაც მეფეს რომელიმე მათგანის დასჯა სურს, ის იყენებს მათ მეთაურს საკუთარი ბრძანების შესასრულებლად". შაჰ-აბასის დროს ღულამთა რიცხვი არ აჭარბებდა 15 ათასს. სასახლის გვარდია (ყულის ჯარი) ეწოდებოდა კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ 3000 მეომარს, რომლებიც ყველგან დაყვებოდნენ თავიანთ მბრძანებელს. ყიზილბაშები, რომლებიც წარმოშობით მომთაბარე თურქმანები იყვნენ, ცხენოსან ჯარში კვლავ ტრადიციას მისდევდნენ და ცეცხლსასროლი იარაღი მათ შეიარაღებაში არ დომინირებდა. ისინი იყოფოდნენ 100 კაციან რაზმეულებად, რომელთაც უზ-ბაშები მეთაურობდნენ. ჯარში სასტიკი დისციპლინა სუფევდა და ყველა დამრღვევი სასტიკად ისჯებოდა. ამ რეგულარული სამხედრო ნაწილების გარდა ირანს უზარმაზარი არმიის შეკრება შეეძლო ომის დროს, თუმცა საბრძოლო თვისებებით არარეგულარული ჯარი ბევრად ჩამორჩებოდა ღულამების კორპუსს. ომის დროს გაწვეული ირანელი გლეხები შეიარაღებულები იყვნენ მსუბუქად და მეტად ცუდად იყვნენ ომისთვის მომზადებულები, ამიტომ მთავარ ძალად მაინც ღულამების რეგულარული ნაწილი ითვლებოდა. ირანის არტილერიის ნაწილი მართლაც კარგი ზარბაზნებით და გაწვრთნილი არტილერისტებით იყო შედგენილი.

ირანელები იყენებდნენ ზამბულაკებსაც, პატარა ქვემეხებს, რომლებიც აქლემის ზურგზე მაგრდებოდა და ამიტომ ძალიან სწრაფი და მობილური იარაღი გახლდათ. მარაბდასთან ბრძოლაში ირანელებმა 50000 მეომარი გამოიყვანეს, რომელთაგან 12000 საუკეთესოდ შეიარაღებული და გაწვრთნილი თოფოსანი ანუ "თოფანგჩი" იყო. დანარჩენი კი რჩეული მხედრობა და ქვეითი ჯარის ნაწილები. არმიის მთვარსარდალი იყო შაჰ-აბასის სიძე, ისა-ხან ყორჩი-ბაში, ხოლო თანაშემწე სარდლები იყვნენ შირვანის ბეგლარბეგი ყაზახ-ხან ჩერქეზი, ერევნის ბეგლარბეგი ამირგუნე-ხანი (`ყვითელი ჯიქი~), აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე-ხანი და ისპაჰანის ტარუღა, ქართველი ბატონიშვილი, ხოსრო-მირზა. უნდა ითქვას, რომ ამ 50000 მეომარს შორის ბრძოლის დაწყებისას შაჰბენდე-ხანი არ იდგა. ის მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა თავისი ჯარით და ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინებაში დიდი როლი შეასრულა. ირანის არმია ბრძოლაში თავდაცვითი წყობით იდგა და ქართველებს მთელ ფრონტზე ძლიერ ცეცხლს უპირისპირებდა ზარბაზნებითა და თოფებით, ხოლო შაჰბენდე-ხანის გამოჩენის შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა.скачать dle 12.0
ნახვები: 380
საიტის სრულად სანახავად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
რეგისტრაცია საიტზე
კომენტარები: 0
კომენტარების დამატება
სახელი:*
E-Mail:
შეიყვანეთ კოდი: *
კოდის განახლება
ავტორიზაცია


დაგავიწყდა პაროლი?
რეგისტრაცია
აქტიური სტატიები
კალენდარი
«    ნოემბერი 2020    »
ორსაოთხუპაშაკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი საიტი?

 
 
 
© 2019 samefo.ge
ყველა საავტორო უფლება დაცულია!!!